„პოლიტიკა დღეს უფრო ყარს, ვიდრე გუშინ, ყარს ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ერთობლიობით“ – ირაკლი ღლონტი

„სცენასა და ტვ ეთერებში ვრცლად წარმოდგენილი ,,ლიდერების” უმრავლესობა ჩემგან განსხვავებით პირდაპირ კავშირშია მ. სააკაშვილთან, პარტნიორობის გარდა ისინი იყვნენ მეგობრებიც, ზოგიერთი ამ კაცმა შექმნა, როგორც საჯარო ფიგურა, მაგრამ არცერთს არ უხსენებია იგი !,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი წერს.

ღლონტი ოპოზიციას ახსენებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, ის თვლის, რომ დღეიდან პარლამენტმა კიდევ უფრო დაკარგა ლეგიტიმაცია:

„ბევრისგან განსხვავებით მე მრავალი წელია თავისუფლად ვამბობ, რომ სააკაშვილს არ ველოდები არცერთ სტრატეგიულ პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ იქ, სადაც ეს ხალხი 2021 წლის აპრილში დედაქალაქის ცენტრში გამოდიან ხმამაღალი სიტყვით, დიდი ბოდიში, მაგრამ, როცა საუბარია პოლიტიკურ დევნაზე, იქ მაინც უნდა ახსენონ დევნილი პრეზიდენტი !

სააკაშვილი არ არის უმწიკვლო, ჩვენს შორის ყველაზე მდიდარი პოლიტ. ბიოგრაფიის მქონე ლიდერს ყველაზე მეტი შეცდომა აქვს დაშვებული, ბევრიც ისეთი მწარე, რომ დავიწყება ძნელია, მაგრამ გულწრფელი და სამართლიანი ოპოზიცია თავისუფლად უნდა ახსენებდეს მას, ის არ არის პერსონა ნონ გრატა იმ ქვეყანაში, რომლის საჭეც მიტაცებული აქვს პროკრემლისტურ დაჯგუფებას !

უმადურობა და უზნეობა, უსამართლობა და სილაჩრეა სიმართლისთვის თვალის არიდება და ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია !

ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ შევძელი იმ იდეის ხორცშესხმა, რომლითაც მე თანამოაზრეებთან ერთად 2014 წელს შემოვედი პოლიტიკაში, ამ დრომდე ვერ შევძელი ახალი, თამამი და ზუსტი სტანდარტების შემოტანა ქართულ სივრცეში მეტ ახალ ლიდერთან ერთად, თუმცა ახლაც ისევ ძველებურად მიძგერს გული და ძველებურად ისევ ვფიქრობ, რომ დაღლილი, რწმენაგახუნებული და იმიჯშელახული ,,ლიდერების” იმედად სამშობლოს მიტოვება უპასუხისმგებლობაა.

პოლიტიკა დღეს უფრო ყარს, ვიდრე გუშინ, ყარს ხელისუფლების და ოპოზიციის ნაწილის ერთობლიობით !

სამარცხვინოდ მივიჩნევ ოლიგარქის ხელდასხმული ,,პრეზიდენტის” სადგომში ოპოზიციონერთა დღევანდელ ვიზიტს. კამათს არ ვაპირებ, მე ასე მიმაჩნია და განსხვავებული შეხედულებები იქონიეთ თქვენთვის, ჩემთვის ეს უინტერესოა !

საქართველო უნდა გადარჩეს !“ – წერს ღლონტი.

მსგავსი თემები