“შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ პირველივე პლენარულ სხდომას უნდა დაესწროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეუერთდა დოკუმენტს” – ირაკლი კობახიძე

პირველი განცხადება დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბრიუსელში გააკეთა – ირაკლი კობახიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, საკუთარი რეალური სახე გამოაჩინეს.

“მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სახე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული” პარტია. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ საკუთარი ორიენტირი, მათ შორის, საკუთარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, “ქართულმა ოცნებამ” იმოქმედა თავისი პასუხისმგებლობით.

შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ პირველივე პლენარულ სხდომას უნდა დაესწროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეუერთდა ამ დოკუმენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე აღსრულდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” გუშინ ხელი მოაწერა. შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული” პარტია.

მსგავსი თემები