დატირება ინტერნეტით და სოციალური ქსელით “გამოგლოვილი” შვილები, მშობლები თუ ახლობლები  (რედაქტორის ბლოგი)

„საწყალი, შვილის დასაფლავებაზე ფერ ჩამოვიდა;“ „ის უბედური დედა გარდაეცვალა და უკანასკნელ გზაზე  ვერ გააცილა;“  „ეს რა ვნახე, კუბოსთან ინტერნეტი ქონდათ ჩართული და ქმარს ტელეფონით ეთხოვებოდა“… ეს სწორედ თანამედროვე ეპოქის რეალობაა, რომელიც არავისთვის უცხო არაა.

თითქოს, ყველაფერს ვეჩვევით, ვეგუებით… იმასაც კი, რომ ახლობელ ადამიანს კუბოსთან ჭირისუფალი არ ჰყავს და ოჯახის წევრები სოციალური ქსელებიდან დასტირიან.

არაერთხელ შევხვედრივარ მსგავს სცენარს, როცა ოჯახი უახლოესი წევრი, შვილი, დედა, მეუღლე, და, თუ სხვა, ვერ ჩამოვიდა საქართველოში მიცვალებულის დასატირებლად, იმიტომ, რომ ის „იქ“ უსაბუთოა. რომ ჩამოვიდეს, ყველაფერი „წყალში ჩაეყრება“ და ვალიც, რომელსაც იქ წვალებით ისტუმრებს, ჯოჯოხეთში გაისტუმრებს…  უფრო მეტიც არაერთი ოჯახიც მშიერი დარჩება, ვისაც საქართველოში ინახავს.

დედები თუ მამები, რომლებმაც მცირეწლოვანი შვილები დატოვეს და ერთი, ორი თუ სამი წლის შემდეგ დაბრუნების იმედით გადაიხვეწნენ უცხოეთში ოჯახის გადასარჩენად,  მათთვის გაუცხოებულები აღმოჩდნენ. საერთო ენას ვერ ნახულობენ, სასაუბრო თემა არ გააჩნიათ, გადაკვეთის წერტილები არ არსებობს. ეს იმიტომ, რომ როცა შვილები წამოიზარდნენ და  მშობლები სჭირდებოდათ, ისინი მხოლოდ ინტერნეტით ჰყავდათ ნანახი. ვერც შვილებმა იგრძნეს მშობლების სითბო და სიყვარული და ვერც მშობლებმა. მშობლები შვილებისთვის მხოლოდ მატერიალური ინტერესის წყარო გახდნენ.

ბოლოს, მიცვალებულის გასვენებაში სულ რაღაც 1 კვირის უკან მოვხვდი. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, ვერც ერთი ოჯახის წევრი ჩამოვიდა უცხოეთიდან 65 წლის დედის დასატირებლად. 3 შვილი და 4 შვილიშვილი დედას და ბებიას განათებული ტელეფონებით, ინტერნეტიდან დასტიროდნენ და მოსთქვამდნენ. მოსთქვამდნენ, რომ 15 წელია დედა არ უნახავთ, რომ გაჭირვებისთვის წავიდნენ, თორემ აქ რა „ჯანდაბა“ უნდათ. მიცვალებული სახლიდან ინტერნეტკავშირით გაასვენეს და უკანასკნელი მიწაც ისე მიაყარეს, ინტერნეტ კავშირი არ გაწყვეტილა.

სანახაობით შეწუხებული მეზობლები თუ ახლობლები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, რა კარგი გასვენება მოუწყვეს შვილებმა დედას…  რომ ეს სახლიც შვილების გაკეთებულია…  იქ რომ არ წასულიყვნენ ესეც არ ექნებოდათ და ასე შემდეგ. ყველაფერი ისევ მატერიალურთან მიდის.

65 წლის დედას ვინ ჩივის, როცა დედები თუ მამები საკუთარი შვილის დასაფლავებაზეც კი ვერ ჩამოდიან „უსაბუთობის“ გამო და ისევ სოციალური ქსელებიდან აცილებენ უკანასკნელ გზაზე.  ოჯახი არ დარჩა, ვისაც ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს უცხოეთში საშოვარზე გადახვეწილი. ამ ერთს კი რამდენიმე ოჯახი შეჰყურებს, რადგანაც, „იქიდან“ გამოგზავნილი ფული მათი დღევანდელი თუ ხვალინდელი დღეა!

ეკა გულუა         

 

მსგავსი თემები