„სავსებით შესაძლებელია საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი ჰაბი“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

  „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდა. ბოლო წლებში, ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო და მთავარი საექსპორტო პარტნიორის პოზიციას ინარჩუნებს“ – აცხადებს  ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი  „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.   

 „მედიაცენტრი მთავარი“: საქართველო-ჩინეთის  ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ ახალ განზომილებაში გადადის. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. რა ახალი გზები და პარტნიორული ურთიერთობები ყალიბდება საქართველო-ჩინეთს შორის?

ჭოუ ციენი: 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის პრეზიდენტს – სი ძინფინგსა და სახელმწიფო საბჭოს პრემიერს – ლი ციანგს შეხვდა, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა იყო ჩინეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის.

სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში ფართო კონსენსუსს მიაღწიეს. 31 ივლისს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები. ამით ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. მხარეები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

დიპლომატიური ურთიერთობების 31 წლიან პერიოდში, ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის მიმართ ნდობას, პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. ჩვენ გვაკავშირებს წრფელი თანამშრომლობა და კარგი პარტნიორობა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა მუდმივად ძლიერდება და ღრმავდება. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ორმხრივი ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას მოწმობს. ეს 31 წლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის შედეგია, რაც ორივე ერის ინტერესებთან თანხვედრაშია.

პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი და საქართველო უნდა იყვნენ კარგი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ, ენდობიან  და თანასწორად ეპყრობიან ერთმანეთს; უნდა გააგრძელონ ტრადიციული მეგობრობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას.

სახელმწიფო მეთაურებს შორის მიღწეული კონსენსუსი წარმართავს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესს, რომლის ახალი ამოსავალი წერტილი – სტრატეგიული პარტნიორობა იქნება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტრატეგიული და გრძელვადიანი პერსპექტივით დაიგეგმება და სტრატეგიული პარტნიორობა სულ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ მომავალში თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში გაღრმავდება და უფრო ნაყოფიერი შედეგების მომტანი იქნება. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას მოუტანს ჩინელ და ქართველ ხალხს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როგორც ვიცით, ერთ-ერთი მიმართულება  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ეხება. რა მიმართულებებზეა საუბარი და ეს მხოლოდ საუბარია თუ გარკვეული შეთანხმებებიც არსებობს?

ჭოუ ციენი: ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ყოველთვის ცენტრალურ როლს ასრულებდა. ბოლო წლებში, ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო და მთავარი საექსპორტო პარტნიორის პოზიციას ინარჩუნებს. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 500-ჯერ გაიზარდა. არაერთი ჩინური კომპანია შემოვიდა ქართულ ბაზარზე ინვესტიციებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და ინდუსტრიული ზონების შექმნის მიზნით. ქართული ღვინო და მინერალური წყალი ასევე მზარდი პოპულარობით სარგებლობს ჩინელ მომხმარებლებში.

პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, მხარეებმა ფართო კონსენსუსს მიაღწიეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინური მხარე მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად ხელი შეუწყოს „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში მაღალი ხარისხის თანამშრომლობას. იგი მიესალმება საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ზრდას და ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.

პრემიერ მინისტრმა ლი ციანგმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მხარეებმა ბოლომდე უნდა ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის, ინფრასტრუქტურის, სპეციალური ეკონომიკური ზონების, ინდუსტრიული პარკების, ციფრული ეკონომიკის, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების და სხვა სფეროებში. პრემიერ მინისტრების შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა მთელ რიგ შეთანხმებებს, მათ შორის „სარტყლისა და გზის“, ციფრული ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობა კვლავ რჩება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ცენტრში. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა პრეზიდენტი სი ძინფინგის ამ ინიციატივას. ამჯერად,  ხელი მოეწერა „სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას“, რაც მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის განვითარების სტრატეგიების თავსებადობის და პოლიტიკური ურთიერთნდობის გაღრმავებისთვის.

„მედიაცენტრი მთავარი“: თანამშრომლობაში რა მიმართულებები მოიაზრება

ჭოუ ციენი: „თანამშრომლობის გეგმა“ ეხება ინიციატივის ხუთ ძირითად მიმართულებას: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურული კომუნიკაცია, დაუბრკოლებელი ვაჭრობა, ფინანსების შეუფერხებელი მიმოქცევა და ხალხთაშორისი კავშირი. „გეგმაში“ განსაზღვრულია  ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მაგალითად, იგი მოიცავს მაღალი ხარისხის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმის, ფინანსური და სხვა სერვისებით ვაჭრობის გაძლიერებას; ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, მრეწველობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში ჩინური ინვესტიციების წახალისებას.

„შუა დერეფანი“ ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი კორიდორია, რომლის განვითარების სტრატეგია საქართველომ ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით შეიმუშავა. იგი თანხვედრაშია „სარტყლისა და გზის“ კონცეფციასთან. ამჯერად გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას;

მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, …დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიზნით“. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების, გადაზიდვების და სხვა მიმართულებით მეტი თავსებადობის მიღწევას; ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზების მრავალფეროვნებას და უსაფრთხოებას; ევრაზიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას; „სარტყლისა და გზის“ მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებენ განვითარების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, საქართველო ევრაზიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან. ამგვარად, სავსებით შესაძლებელია იგი გახდეს ევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი ჰაბი.

 „მედიაცენტრი მთავარი:“ ძირითადად რაზეა ყურადღება გასამახვილებელი?

 მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩინეთმა და საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ ძირითად სფეროებზე, როგორიცაა ღვინით ვაჭრობა, ტურიზმი და ინვესტიციები, უნდა ჩამოაყალიბონ უფრო მაღალი ხარისხის პლატფორმები და შეისწავლონ ციფრულ ეკონომიკაში, ახალ ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში თანამშრომლობის შესაძლებლობები. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის  გაძლიერება ჩვენ ქვეყნებს განვითარებასა და კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როგორია ჩინეთის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? რას ფიქრობთ იმ ნეგატიურ შეფასებებზე, რომელიც პრემიერის ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა, რომ თითქოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებით ჩინეთს სურს საქართველოზე „ბატონობა“?

ჭოუ ციენი: რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ჩინეთი მუდამ პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთობლივ განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის დადასტურებული ჩინეთისა და საქართველოს პატივისცემა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვფიქრობ, აქედანაც ძალიან კარგად ჩანს ჩინეთის პოზიცია. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანას, იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი სათანადოდ გადაწყდება.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას, ჩემი დაკვირვებით, მსგავს შეფასებას ქართული საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებს, საზოგადოების ძირითადი ნაწილი დადებითად აფასებს ამ საკითხს. ამასთან დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო ურთიერობების კოდექსის“ შესახებ, რომელიც ახლახან, მიმდინარე წლის ივნისში მიიღო სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ.

მასში ვკითხულობთ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ატარებს დამოუკიდებელ და სუვერენულ საგარეო პოლიტიკას, იცავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, თავდაუსხმელობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორუფლებიანობისა და ყველა მხარისათვის მომგებიანი თანამშრომლობის – მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთ პრინციპს; ჩინეთი ინარჩუნებს მშვიდობიანი განვითარების გზას, საგარეო გახსნილობის ძირითად სახელმწიფო პოლიტიკას, ახორციელებს ურთიერთსარგებლიანი გახსნილობის სტრატეგიას; ჩინეთი პატივს სცემს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, იცავს მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ხელს უწყობს გლობალურ განვითარებას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებას ან ძალით მუქარას, ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმსა და ძალისმიერ პოლიტიკას; პატივს სცემს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას განურჩევლად მათი სიდიდისა, ძლიერებისა და სიმდიდრისა, პატივს სცემს ქვეყნების მიერ სუვერენულად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ სისტემას.

სწორედ ზემოხსენებული პრინციპების საფუძველზე ავითარებს ჩინეთი ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთანაც. ჩინეთი ყოველთვის ხელს უწყობდა მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას, საკუთარი წვლილი შეჰქონდა გლობალურ განვითარებაში და იცავდა გაეროს წესდებაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ახალი ჩინეთის დაარსებიდან 70 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის მანძილზე, ჩინეთს არასდროს მოუხდენია კონფლიქტის პროვოცირება, არასდროს დაუპყრია სხვა ქვეყნის ტერიტორია, არასდროს უწარმოებია არაპირდაპირი ომი, არ შეერთებია რომელიმე სამხედრო ბლოკს.

მშვიდობის კუთხით, მას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. ზოგიერთ ქვეყანას კი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, არსებობის 240 წლიან პერიოდში, მხოლოდ 16 წელი ჰქონდა ისეთი, როცა ომში არ ყოფილა ჩაბმული. ჩინეთი ვინმეზე „გაბატონების“ მიზნით არასოდეს ავითარებს სხვებთან ურთიერთობას. ჩვენი მიზანია საერთო განვითარების ხელშეწყობა, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა და ცივილიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა მსოფლიოში, მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს განვითარებად ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, ურთიერთობის განვითარება წარმოადგენს. ამასთან, „სარტყლისა და გზის“ საშუალებით გვსურს განვითარების მიღწევების სხვებისთვის გაზიარება. „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და „შუა დერეფანს“ შორის მაღალი დონის თავსებადობა ხელს შეუწყობს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.  რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ევროკავშირსაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს „შუა დერეფნის“ მიმართ. ჩინეთსა და ევროკავშირს დამყარებული აქვთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ამასთან ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საფრანგეთთან, გერმანიასთან, პოლონეთთან და ევროკავშირის სხვა წევრებთან და საქართველოს სხვა მნიშვნელოვან პარტნიორებთან, მაგალითად, ყაზახეთთან. ამიტომ მჯერა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს მშვიდობიანი და განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში დაეხმარება.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ელჩო, რას ფიქრობთ „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებულ ნეგატიურ შეფასებებზე? რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში?

ჭოუ ციენი: 10 წელი გადის, რაც პრეზიდენტი სი ძინფინგი „სარტყლისა და გზის“ ინიციატივით გამოვიდა. ამ პერიოდში, ჩინეთი „ერთობლივი კონსულტაციების, ერთობლივი მშენებლობისა და ურთიერთგაზიარების“ პრინციპით ავითარებს სხვა ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას და სულ უფრო მეტ მათგანს ეხმარება ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებაში. ინიციატივის ფარგლებში შედგა 3000-ზე მეტი თანამშრომლობის პროექტი, შეიქმნა 420 000 სამუშაო ადგილი, სიღარიბეს თავი დააღწია 40 მილიონამდე ადამიანმა.

„სარტყლისა და გზის“ ინიციატივა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ჩინეთ-ლაოსის დამაკავშირებელი რკინიგზა, ბუდაპეშტ-ბელგრადის რკინიგზა, ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ინდონეზიაში, პირეოსის პორტი საბერძნეთში. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის „სარტყლისა და გზის“ მონაწილე ქვეყნებში ვაჭრობა 2.8%-9.7%-ის, გლობალური ვაჭრობა 1,7%-6,2%-ის, ხოლო გლობალური შემოსავლები 0,7%-2,9%-ის ფარგლებში გაიზრდება.

უამრავი ფაქტის მიუხედავად, ზოგი ქვეყანა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას მაინც სუბიექტურად უდგება და ჩინეთის შეკავებისა და შევიწროების მიზნით, ყალბი ინფორმაციითა და ტყუილებით მის დისკრედიტირებას ცდილობს. ჩემი დაკვირვებით, დაახლოებით ორი წლის წინ ამ ქვეყნებმაც დააინიციირეს „სარტყლისა და გზის“ მსგავსი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ამბიციური მიზნების შესახებ განაცხადეს, მაგრამ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ როგორც ქუხს, ისე არ წვიმს. მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას არც კი სმენია ამ პროექტების შესახებ. სინგაპურელმა მეცნიერმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰბუბანიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „მიმბაძველობა მაამებლობის საუკეთესო ფორმაა“. ამ ქვეყნების ინიციატივები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „სარტყელი და გზა“ არის კარგად გათვლილი გეგმა,  რომელიც ეპოქის ტენდენციას პასუხობს.

„სარტყლისა და გზის“ ფარგლებში ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას განაპირობებს როგორც ისტორიული მიზეზები, ისე დღეს არსებული საჭიროებები და ხელსაყრელი პირობები. ეკონომიკის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ყველაზე დიდი უპირატესობა არის მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ისტორიულად მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებდა. დღეს კი საქართველოს  აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან, რაც კარგად წარმოაჩენს მის უპირატესობას თანამედროვეობაში.  ქართული მხარე აქტიურად ახორციელებს „ხედვა 2030 განვითარების სტრატეგიას“; ცდილობს, საქართველო მალე გახადოს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა; უპრეცედენტო მოთხოვნა გაჩნდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვადასხვა სფეროების ურთიერთდაკავშირების მიმართ.

ჩინეთი კი მზად არის საქართველოს გაუზიაროს თავისი უზარმაზარი გამოცდილება ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში, რათა ორივე ქვეყანა ერთად განვითარდეს. თავის დროზე საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ამჯერად, პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს კი, ხელი მოეწერა ამ ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ერთობლივი განვითარება და კეთილდღეობა სულ უფრო მეტ შესაძლებლობას და სიკეთეს მოუტანს ჩინეთისა და საქართველოს მოსახლეობას, მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ჩინეთსა და საქართველოს, ისე ევროკავშირსა და ინიციატივაში მონაწილე ყველა ქვეყანას.

 

მსგავსი თემები