„რუსეთ-უკრაინის ომმა, ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია საყოველთაო ეკონომიკური და ენერგეტიკული ომებიც“ – პროფესორი დემურ ჩომახიძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დემურ ჩომახიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:

„ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ფუძეთა-ფუძეს წარმოადგენს. მისი ჯეროვანი განვითარების გარეშე საფრთხე შეექმნება არამარტო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, არამედ სახელმწიფოებრივობასაც. ეს ნათლად დაადასტურა რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელმაც მთელ მსოფლიოში მყისვე, ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია საყოველთაო ეკონომიკური და ენერგეტიკული ომებიც. მყისიერი და უზარმაზარი გავლენა აქვს უკლებლივ ეკონომიკის ყველა დარგზე და ყველა სახის პროდუქციაზე, მათ შორის სამომხმარებლო ბაზარზე. ამიტომ ცხადი შეიქმნა საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამოუკიდებლობის წლებში აღნიშნულ გამოწვევათა თავიდან აცილებისა და შერბილებისათვის შექმნილიყო ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია).

საწყის პერიოდში (1996 წელი) იგი ფუნქციონირებდა ეკონომიკის სამინისტროსთან პრეზიდენტის ბრძანებულებით, ხოლო დამოუკიდებელი სახით ჩამოყალიბდა „ელექტროენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე“ კომისია არის  კოლეგიალური. საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან. კომისია შედგება პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან. მოქმედებს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპით. იცავს ბალანსს მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს შორის.

ენერგეტიკა, როგორც ბუნებრივი მონოპოლიის დარგი, წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციისა და მომსახურების მიმწოდებლებს და სწორედ მათ გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული მოსახლეობის ცხოვრების დონე, ჯანმრთელობა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დარგების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ანუ ბუნებრივი მონოპოლიების მიერ წარმოებული პროდუქციის და მომსახურების საბოლოო მომხმარებლებამდე მაღალხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა ეკონომიკაში ობიექტური აუცილებლობაა, უნდა დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აზრი არ აქვს მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული შეზღუდვების გამოყენებას. აქ ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ორივე მხარის ინტერესების დაბალანსების მიღწევა; ანუ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა დაიცვას მომხმარებელი ბუნებრივი მონოპოლიების მხრიდან არასწორი ქმედებებისგან, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს ბუნებრივი მონოპოლიების დარგების განვითარებას საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.

საუკუნეზე მეტი ხნის პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საუკეთესო შედეგის მიღწევა, ანუ ბუნებრივი მონოპოლიების მიერ წარმოებული პროდუქციითა და მომსახურებით მომხმარებელთა მოთხოვნილების ყველაზე ეფექტიანი დაკმაყოფილება კონკურენციული და მონოპოლიური გარემოს გონივრული შეხამებით მიიღწევა; ასეთი შეხამება კი სახელმწიფოს მხრივ აქტიური ჩარევის, ანუ რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო ენერგეტიკას, როგორც ეკონომიკის სპეციფიკურ დარგს, მარეგულირებელი კომისიების მეშვეობით მართავს. ამას კი შესაბამისი კანონმდებლობით ახორციელებს.

კანონმდებლობაში მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში მეტნაკლებად პრიორიტეტულად იყოს მიჩნეული ენერგეტიკული სისტემის რეფორმის მიმდინარეობის სტადიების შესაბამისად. ეს ფუნქციებია: • ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტებისთვის მოქმედების სამართლიანი და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა; • მომხმარებლების ინტერესების დაცვა; • ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისა და განაწილების სფეროში კონკრეტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; • სახელმწიფოს სტრატეგიას შესაბამისად ენერგეტიკული სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; • განახლებადი და ალტერნატიული სახის ენერგიის გამოყენების გაფართოების ხელშეწყობა; • სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად ენერგეტიკული სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; • განახლებადი და ალტერნატიული სახის ენერგიის გამოყენების გაფართოების ხელშეწყობა; • ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილებისას გარემოს ეკოლოგიური დაბინძურებისა და დაზიანებისგან დაცვა; • მარეგულირებელი ორგანო საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებისათვის უნდა მოქმედებდეს გარკვეული პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპებია: • დამოუკიდებლობა; • კონსულტაციები ენერგიის მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან; • პრობლემების გადაწყვეტის თანმიმდევრულობა; • სიტუაციის პროგნოზირებადობა;  • კომუნიკაბელობა; • კომპეტენტურობა; • თვითშეფასების უნარი; • გამჭირვალობა (საჯაროობა); • ელასტიურობა.

ყველა ზემოაღნიშნული პრინციპი განხილულ უნდა იქნეს როგორც მოქმედებისა და ქცევის წესების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მარეგულირებელი ორგანოს მთავარი მიზნის – საზოგადოების მოთხოვნათა მაქსიმალურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. კანონმა „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ სემეკს თავიდანვე მიანიჭა მაღალი დამოუკიდებლობა. კერძოდ, კომისია გახდა მუდმივმოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში არ ექვემდებარებოდა არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას. კომისია, თავის კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემდა დადგენილებებს, რომლებიც წარმოადგენდა ნორმატიულ აქტებს ელექტროენერგეტიკის სფეროში.

სემეკ-ი უკვე 25 წლის გახდა. განვლილ პერიოდში სემეკ-ს 4 თავჯდომარე ჰყავდა-ელ.ერისთავი, დ.მირცხულავა, გ.თავაძე, გ.ჩალაგაშვილი, ირ.მილორავა, რომლებიც წამყვან ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და უწყებებში მოღვაწეობდნენ. ახლანდელი მეხუთე თავჯდომარე დ. ნარმანია მდიდარი გამოცდილებით მოვიდა დედაქალაქის მერობიდან და აკადემიური წრიდან. 25 წლის განმავლობაში კომისიას ყავდა 12 წევრი.    მუშაობის განვლილ პერიოდში კომისიის მიერ დაინერგა გამოკვეთილი და სამართლიანი „თამაშის წესები“ სექტორში შემავალი ყველა სუბიექტისათვის, სტიმული მიეცა დარგში კერძო ინვესტიციების განხორციელებას, კონკურენციის განვითარებას და ადგილობრივი რესურსების ათვისებას. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფო, სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციები, შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების ხელსაყრელი პირობები და ა.შ.

შედეგები შეიძლება მოკლედ ასე ჩამოყალიბდეს: 1. დაწესდა გამოკვეთილი და სამართლიანი „თამაში“ წესები სექტორში შემავალი ყველა სუბიექტისათვის; 2. სტიმული მიეცა დარგში კერძო ინვესტიციების განხორციელებას, ჩატარდა უმრავლეს საწარმოთა პრივატიზაცია; 3. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სახელმწიფო, სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციები. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფოს ჩამოსცილდა მარეგულირებლის ფუნქციები, ხოლო კომერციული ფუნქციები უშუალოდ სამეურნეო სუბიექტებს დაეკისრა. სახელმწიფო კი მის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასა და პოლიტიკას ახორციელებს; 4. გაცილებით უკეთესი შესაძლებლობები შეიქმნა სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრისთვის, საფუძველი ჩაეყარა დარგის თვითდაფინანსებას. ლიცენზიატებს საშუალება მიეცათ, სრულად გამოავლინონ მათ წინაშე არსებული პრობლემები და სათანადო შემთხვევაში მიაღწიონ კიდეც მათ ასახვას ტარიფში; 5. განისაზღვრა ლიცენზიატთა უფლებები და ვალდებულებები, პროდუქციის (მომსახურების) აღრიცხვის, მიწოდების, შეწყვეტის და აღდგენის წესები და პროცედურები, ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში მყოფი ლიცენზიატების ურთიერთობათა სავალდებულო ქცევის წესები. კარგი პირობები შეიქმნა კონკურენციის განვითარებისათვის; 6. შეიქმნა ურთიერთსაყრელი თანამშრომლობის საფუძვლები მომხმარებლებსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის,  ამაღლდა მომსახურების ხარისხი; 7. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კომისიის საკანონმდებლო-ნორმატიული და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფის, აგრეთვე საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით;ამაღლდა და  სრულყოფილი გახდა ლიცენზიატთა მომსახურების საფასურის ამოღების მაჩვენებელი, რომელიც პირველ წლებში მეტად დაბალი იყო;9. ახლანდელ ეტაპზე ყველა კანონიერი ღონისძიება, ხორციელდება ტარიფების ზრდის შეჩერებისა და სტაბილიზაციისათვის. ამ მიზნით სტიმული მიეცა ადგილობრივი რესურსების ათვისებასა და რაციონალურ გამოყენებას, ენერგიაშემცველების მოწოდების დივერსიფიკაციას; 10. დარგი თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისაგან. ასეთი ზეწოლისაგან უკეთ დაზღვეული გახდა ტარიფები, აგრეთვე აქ განხორციელებული სხვა ხასიათის რეგულირება; 11. შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების ხელსაყრელი პირობები. კომისიის მიერ მიღებული ერთ-ერთი მთავარი პირობა გახდა ქვეყანაში საერთაშორისო სააგენტოებისა და ინვესტორების მოზიდვისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და მათთან თანამშრომლობისათვის, მაგ., USAID-ისა და კომისიის პარტნიორული ურთიერთობა დაიწყო კომისიის შექმნის დღიდან. სააგენტო კომისიას უწევს ტექნიკურ, მატერიალურ, ფინანსურ და საგანმანათლებლო დახმარებას; 12. კომისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის გაუმჯობესებაში, ელექტრიფიკაციისა და გაზიფიკაციის ამაღლებაში.

კომისიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) როლი. შედეგად კომისია სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით საერთაშორისო დონეზე, ხოლო მისი წარმომადგენლები წარმატებით მონაწილეობენ ენერგეტიკის რეგულირების მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კომისია ერთ-ერთი დამფუძნებელია (2000 წელი) ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციისა (ერრ-ა),სადაც ამჟამად გაერთიანებულია 48 ქვეყანა. ამ ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრები თავის დროზე იყვნენ ელ. ერისთავი (2000-2003წწ),გ. შონია(2015-2017წწ),მ. მელიქიძე (2018-2019წწ). ეს უკანასკნელი 2020 წლიდან „ერრასთავჯდომარეა, რომელიც ახალა უკვე მეორედ აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების რატიფიცირება, რომლის შედეგადაც საქართველო გახდა ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი სახელმწიფო. ამ თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტი იყო 2017-2019წწ-ში გ. ფანგანი. კომისიაში 2020 წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო სტანდარტი ISO: AID-ხარისხის მენეჯმენტი სისტემა.

კომისიასთან არსებობს მომხამარებელთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი სამსახური, აგრეთვე ელ. ერისთავის სახელობის სასწავლო ცენტრი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენთან საზოგადოების გარკვეული ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევენ სემეკის ფუნქციონირებას. მათი აზრით, საქართველოში  ტარიფები მეტისმეტად იზრდება მაშინ როცა დაპირება იყო შემცირება, ხოლო კომისიაში ხელფასები ძალიან დიდია.

ჩანს, რომ ისინი სათანადოდ არ იცნობენ მსოფლიოს ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესებს. ყველასათვის მისაბაძ ქვეყნებშიც ტარიფები საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია და იზრდება განუწყვეტლივ. ამის მიზეზია დარგის თავისებურებები, პირველ რიგში ის ფაქტი, რომ საჭიროებს უწყვეტ დაფინანსებას. ხოლო ენერგორესურსების მოპოვება სულ უფრო რთულ პირობებში ხდება.ამასთან სულ უფრო მკაცრდება ეკოლოგიური მოთხოვნები. ამრიგად საჭირო ხდება სულ უფრო მეტი ინვესტიციები,რომელიც ტარიფის განსაზღვრის მთავარი კომპონენტია. შედეგად ტარიფის ზრდა დამახასიათებელია არამარტო ენერგორესურსებით ნაკლებად უზრუნველყოფილი,არამედ მდიდარი ქვეყნებისთვისაც.

ზემოთ აღნიშნული პროცესებისათვის დაპირისპირება შეუძლია მხოლოდ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ და მენეჯერულ პროგრესს.სხვა თანაბარ პირობებში ტარიფი შემცირდება იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელის დანერგვის ტემპი გაუსწრებს ინვესტიციების ზრდის ტემპს. ეს  აზრი პრაქტიკულად დადასტურდა კიდეც ზოგიერთი ქვეყნის (მაგალითად ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის) მაგალითზე.

საქართველო მოგეხსენებათ ზოგადად ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი არ არის,მაგრამ გამორჩეულად მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია აგრეთვე კადრების მაღალი პროფესიონალური და ინტელექტუალური დონით. სწორედ ეს ფაქტორები ედო საფუძვლად ტარიფების შემცირების ადრე გაცხადებულ პროგნოზს. მაგრამ სწორედ ოპონენტების მიერ პროვოცირებულმა შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა მის შესრულებას ნამდვილად ხელი შეუშალა, განსაკუთრებით ჰიდრო რესურსების ათვისების საქმეში.

რაც შეეხება კომისიაში არსებულ ხელფასებს, აღვნიშნავ რომ მარეგულირებლებისადმი პრიორიტეტული დამოკიდებულება,ისე როგორც ყველა ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა ამ სფეროში მიღებულ პირველივე კანონებში გამოხატა. ეს მნიშვნელოვნად განაპირობა დარგში მაშინ არსებულმა კორუფციის მაღალმა დონემ,რომელიც განვლილი 25 წლის განმავლობაში სწორედ მარეგულირებლის წყალობით  აღმოიფხვრა. ხელფასისა და პრემიის ოდენობა,რომელსაც ოპონენტები ასახელებენ მიზერულია დარგში კორუფციის გამო მაშინ დაკარგულ თანხებთან შედარებით.  აქვე თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სემეკ-ი მოსახლეობას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონ ლარს უკან უბრუნებს უკანონოდ დარიცხული თანხის სანაცვლოდ, საკითხი კიდევ უფრო ნათელი გახდება.

სემეკ-ს წინ ბევრი სამუშაო აქვს საქართველოში დარგის რეგულირების ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის და საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად,ახალი ტექნოლოგიებით კომპლექსური ენერგეტიკული სისტემის მართვის ეფექტიანობის ზრდისათვის და სხვა. ვუსურვოთ შემდგომი წარმატებები“.

 

 

 

მსგავსი თემები