ჯანდაცვის კიმიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები  მეორე მოსმენით – მუხლობრივად  განიხილა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  თამარ გაბუნიამ  კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე მოწვეულ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო.

პროექტი ზოგადად სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები შემუშავდა, ასევე დაიხვეწა სამართლებრივი ურთიერთობები.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართეს და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, დაზუსტებები შეეხება სასამართლოს როლის განსაზღვრას ინსპექტირების ინიცირების პროცესში.

„შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის დაიწყებს შემოწმების პროცესს, მაგრამ ამავდროულად აგზავნის შეტყობინებას სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლომ დაადასტუროს შემოწმების მიზანშეწონილობა. საფუძველი შემოწმების ინიცირებისთვის იქნება პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება, ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა. ამასთანავე, დაზუსტდა  პროცედურა რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში  და ასევე სასამართლოში 48 საათის პერიოდში მოსმენაზე ორივე მხარის მოწვევის შესაძლებლობა. ანუ ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს  ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე პროცესის დროს, რათა კლინიკას ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სადავო იყო ასევე საკითხი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე, რომელიც გაიყო ორ ნაწილად: დაუყოვნებელი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, რადგან თამარ გაბუნიას თქმით, ასეთ დროს ძალიან მკაფიოა და ადვილია დარღვევის იდენტიფიცირება და სადაო ნაკლებად შეიძლება რაიმე დარჩეს. რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს და პროგრამების დროს თანხების არამართლზომიერი განკარგვის გამო დაწესებულ სანქციებს, ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია სადავო თანხის გაყინვის მექანიზმი და შემდეგ უკვე დავა მარეგულირებლის, ან სასამართლოს დონეზე და ასევე იმ სანქცირების გამოყენება, რაც ამ ნაწილში მთავრობის დადგენილებებით არის განსაზღვრული.

 

 

 

 

მსგავსი თემები