,, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე” – კახა კალაძე

,,რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოში უშიშროების საბჭოს მოწვევის არავითარი საჭიროება არ იყო”  ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ  განუცხადა.

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, კახა კალაძის შეფასებით, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ.

,,ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ და მოწოდებები, არ ვიცი ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და შეცდომებს უშვებენ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ, რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასმა“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები