გირაოს ევროპელები იხდიან, რადგან მელია უარზეა, ის ამნისტიით გამოვა

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შარლ მიშელის მონაწილეობით აქტიური განხილვა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ნიკანორ მელიას საპატიმროდან გათავისუფლებს საკითხია. ევროპელი პარტნიორები თანახმა არიან, ნიკანორ მელიას გირაო, ევროპულმა ფონდმა გადაიხადოს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე წინააღმდეგია.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე განმარტავს, ეს სწორედ ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც მოლაპარაკებაზე განიხილებოდა.

„რა თქმა უნდა, დაისვა საკითხი პატიმრებთან დაკავშირებით, რადგან ეს მყისიერად გადასაჭრელი თემაა. როგორც შეთანხმებაშია გაწერილი, დღეების და საათების საქმეა, რომ ეს ორი საკითხი გადაიჭრას.

შეთანხმების თანახმად, პირველი შესაძლებლობა არის გირაოს გადახდა, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები იხდიან. ისინი მზად არიან, ეს გააკეთონ, თუმცა იქვე ამატებენ, რომ ინდივიდუალური და ადამიანის ნებაა, უარი თქვას ასეთ შეთავაზებაზე. როგორც ვიცი, ნიკა მელია უარს ამბობს. მეორე მექანიზმი კი ამნისტიის კანონია, რომელიც ეხება 19-21 ივნისის მოვლენებს, სადაც იგულისხმება ნიკა მელიას საქმე. ასეთი კანონპროექტი შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს. თუ მელია გირაოს არ თანხმდება, ეს მისი ნებაა, მაშინ რჩება ამნისტიის შესაძლებლობა, რითაც ის იქნება გათავისუფლებული. ამაში მონაწილეობას მიიღებს ორივე მხარე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ამ წუთებში, პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, პრეზიდენტის რეზიდენციაში, ვახშამზე იმყოფება.

მსგავსი თემები