საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საშუალებას არ მისცემს, მშობლების ტრაგედია და ემოციური ფონი თავიანთი პილიტიკური მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.
„მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი მყისიერად ჩაერთო იმ პროცესებში, რაც გამოიწვია სასამართლოს განაჩენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული ტიპის შესაძლო კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლოს განაჩენის დადგომამდე პარლამენტის, როგორც ერთ-ერთი სახელისუფლებო შტოს აქტიურობა, იმ დროს როცა სასამართლო, როგორც ხელისუფლების მესამე შტო, აწარმოებდა საქმის განხილვას, შესაძლებელი იყო აღქმულიყო როგორც ერთგვარი ზეწოლა სასამართლო პროცესებზე და გარდა ამისა, არც სამართლებრივად იქნებოდა მიზანშეწონილი.
სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, როდესაც სასამართლოს და პროკურატურის პოზიციები აღმოჩნდა განსხვავებული საქმის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით და რამაც გამოიწვია საზოგადოების და განსაკუთრებით მოკლული შვილის მშობლების მწვავე რეაქცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია. გარდა ამისა, საქმის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, გარკვეული კონსულტაციების საფუძველზე, ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ სიტუაციაში, ეს არის ის მაქსიმუმი რაც შეიძლება ცივილიზებული ევროპული ტიპის სახელმწიფოში პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ და ინსტიტუციებმა გააკეთონ“ – აცხადებს დეპუტატი „მთავართან“ საუბრისას.
მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი მუშაობა
გამჭვირვალე და ობიექტური იქნება. „არავინ და მათ შორის არც მე არ ვაპირებთ მოვერიდოთ რაიმე ტიპის კითხვებს ან პოზიციების დაფიქსირებას კომისიის მუშაობის პერიოდში“ – აცხადებს დეპუტატი.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა „მთავარს“ განუცხადა, ეს თემა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის არ იქნება გამოყენებული: „თუ დამტკიცდება რაიმე ტიპის გადაცდომები ან ხარვეზები აუცილებლად დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მთელ საგამოძიებო პროცესს უხელმძღვანელებს შსს მინისტრი და ამ საქმის მიმდინარეობას გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი. ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ოჯახს ეს ტრაგედია და იმედი გამოვთქვა რომ ეს მგრძნობიარე თემა არ იქნება გამოყენებული ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.“
რაც შეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, მაჭარაშვილის შეფასებით, ქუჩაში აქციების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების ინტერესებში შედის.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოცემულობაში, როცა პრაქტიკულად ყველა წინაპირობა არსებობს რომ კონსტრუქციულ ფონზე და მაღალი ლეგიტიმაციით მოხდეს გამოძიების ჩატარება, ქუჩაში აქციების გაგრძელება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს და ხელს შეუშლის იმ პროცესებს, რაც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად რაც მოკლული ახალგაზრდების მშობლებს გააჩნიათ. საქმეზე უნდა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და ეს მიზანი გაგვაჩნია ჩვენც. იმედი მაქვს, საზოგადოება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საშუალებას არ მისცემს, მშობლების ტრაგედია და ემოციური ფონი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ“ – განაცხადა დეპუტატმა „მთავართან“ საუბრისას.