ისე ნუ იზამენ, რომ ზაზა სარალიძე შეზიზღდეს ხალხს – გიორგი გაბედავა


უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მოუწოდებს, გაემიჯნოს პოლიტიკურ ძალებს, განსაკუთრებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” და მას სამართლისათვის ბრძოლაში მთელი საზოგადოება დაუდგება გვერდით. 


​როგორც გიორგი გაბედავამ დღეს, მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მას არ აინტერესებს ზაზა სარალიძის პოლიტიკური შეხედულებები, ის არის შვილმოკლული მამა და ითხოვს სამართალს, ამიტომ აქციების ბოლომდე იქნება მის გვერდით. მაგრამ მიაჩნია, რომ თუ სარალიძე არ გაემიჯნება “ნაცმოძრაობას”, ეს პოლიტიკური პარტია ზაზა სარალიძეს შეაზიზღებს ხალხს. 
 
“მოვუწოდებ ზაზა სარალიძეს, თუ შეძლებს, რამენაირად გამოვიდეს ამ მარწუხებიდან. ვიცი “ნაცმოძრაობიდან” გამოსვლა ძალიან რთულია, სისხლი ეწამლება იქ ადამიანს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოვიდეს და ყველა ადამიანი დავუდგებით გვერდით. ნუ იზამენ ისე, რომ ზაზა სარალიძე შეზიზღდეს ხალხს, პირიქით, ჩვენ ყველა ნორმალურ ადამიანს გვინდა მის გვერდით ვიდგეთ”, – აცხადებს გიორგი გაბედავა.

მისივე თქმით, სარალიძის აქციაზე მისულს, “ნაციონალური” მოძრაობის წევრებმა ტრიბუნასთან გამოსვლის უფლება არ მისცეს და მათი ხელისუფლების დროს მოკლული ახალგაზრდების სახელების ხსენება აუკრძალეს. 
“მე, ჩემ ორსულ მეუღლესთან ერთად ვიყავი მისული სარალიძის პირველ აქციაზე, სადაც კირკიტაძემ ლამის მცემა იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძე ვახსენე. ხვდებით რა ადამიანებთან გვაქვს საქმე? სანდრო და ბუტა როგორ ახსენე აქო? რატომ, ისინი საქართველოში არ მოკლეს? მით უმეტეს სისტემამ ჩახოცა ეს ბიჭები. გუშინ, მე ვიყავი აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა მეგობარმა დამირეკა რომ იყვნენ იქ, მეც მინდოდა ჩემი აზრის დაფიქსირება, რის საშუალებასაც “ნაცმოძრაობის” წევრები არ მაძლევდნენ. ძალიან კარგად ვიცნობ სახეზე მათ აქტივს. მიუხედავად იმისა, რომ  პოლიტიკური ლიდერები შეიძლება ასე არ გამოსულიყვნენ, მაგრამ ძირითადი აქტივი იყო “ნაცმოძრაობის”, – აცხადებს გიორგი გაბედავა. 

მსგავსი თემები