თბილისი პრაიდი: “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია

ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც შემოთავაზებულია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” მოტივით.

“თბილისი პრაიდის” განცხადებით, სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია.

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში არაერთი მაგალითი ყოფილა ლგბტქი საკითხებით მანიპულირების და “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკაც ამ ტენდენციის ნაწილია. “თბილისი პრაიდის” შეფასებით, არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებია, ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რომლებიც საერთოა საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის.

“მისი [“ქართული ოცნების”] ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის – ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად. ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან.

იმისთვის, რომ თემი დავიცვათ პოლიტიკური ჰომოფობიისგან და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში“, – წერია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

მსგავსი თემები