ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპოლის გენერალური მდივანი ირგენ შტოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას, რომელიც იყო საშინელი აქტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის ხელისუფლების გამოძიებას“, – წერს შტოკი.

„კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, დაშავებულია 121 ადამიანი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

 

მსგავსი თემები