რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური: ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის ყველა მონაწილის დაკავების შესახებ შეატყობინა.

„ბორტნიკოვმა ამცნო პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ტერაქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი ბრიანსკის ოლქში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს მუშაობა მათი თანამზრახველების ვინაობის დასადგენად.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსგავსი თემები