,,თავს გრძნობენ კარგად, საჭმელს, სასმელს აძლევენ” – მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან

თითქმის 5 დღეა საქართველოს მოქალაქეები მექსიკაში, დანაშაულებრივი ჯგუფის ტყვეობაში არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შაბათს მათ განაცხადეს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე იყვნენ და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევდნენ.

,,თავს გრძნობენ კარგად. საჭმელს აჭმევენ, სასმელს აძლევენ, არ სცივათ, არ სწყურიათ. როგორც ვიცით, რაღაც ნაწილი თანხა შეიკრიბა, თანხის რაღაც ნაწილს ელოდებიან. მეტი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, თითოეულმა მათგანმა თავი იგრძნოს კარგად და დაცულად. ადამიანის სიცოცხლეზეა ხომ აქ საუბარი. მათგან იყო ეს მოთხოვნა და თხოვნა იყო ამასთან ერთად, რომ გავჩერებულიყავით და აღარავისთვის აღარ მიგვემართა”, – ამბობს გატაცებულის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით, არალეგალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა სურდათ, თუმცა ისინი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. მექსიკურმა ნარკოკარტელმა მოქალაქეების ჯგუფი, სავარაუდოდ, 5 დღის წინ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოსასყიდის სახით 90 ათას დოლარს ითხოვს.

მსგავსი თემები