3 მარტს ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ

3 მარტს, 15:00 საათზე, ონკოპაციენტები პარლამენტთან აქციას გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი სიცოცხლისთვის” თქმით, მოთხოვნები უცვლელია 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნა და მათთვის საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანა.

,,3 მარტს, დედის დღეს, 3 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ონკოპაციენტები და სახელმწიფოსგან ვითხოვთ ყურადღებას. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდით.

შარშან ყველანი სიხარულით შევხვდით მთავრობის ინიციატივას კიბოს უფასოდ მკურნალობის შესახებ. ჩვენ დაგვპირდნენ “უწყვეტ და უფასო მკურნალობას”, სინამდვილეში კი სიმსივნის დიაგნოზის მქონე ადამიანებს საქართველოში მუდმივად უგვიანდებათ დაფინანსება, ეძებენ გადარჩენის გზებს და ხშირად ვერ შოულობენ წამლებს.

ჩვენ ვითხოვთ:

1. სახელმწიფომ შეუფერხებლად დააფინანსოს ონკოპაციენტების მკურნალობა და მოხსნას 25 000-ლარიანი ლიმიტი.

2. დროულად შემოიტანონ მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული.

3. გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.

ჩვენს ქვეყანაში კიბოს დიაგნოზს ყოველწლიურად 10 000 ადამიანს უსვამენ და დღეს საქართველოში, თითქმის ყველა ოჯახმა იცის, რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა.

ჩვენ გვჭირდება მზრუნველი ჯანდაცვის სისტემა!

შემოგვიერთდით, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და სათქმელი როგორც პარლამენტს, ისე კანცელარიას. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.

გელოდებით, 3 მარტს 3 საათზე, პარლამენტის წინ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები