„გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს“ – კახა კალაძე

„გულწრფელად რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს“, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ მან პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ
განკარგულებას მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლის მოტივით მოაწერა ხელი.

მისი განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც დღეისათვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

„სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ქალბატონ სალომეს რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს გამოჩნდა იმ არჩევნებზე, რომელშიც მონაწილეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები