,,არ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი 20 წლით ჩასვან ციხეში” – ტარიელ კაკაბაძე

,,არ დავუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი 20 წლით ჩასვან ციხეში”. ამის შესახებ ე.წ. ბანანების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ, ,,მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა.

,,პირელ რიგში ვიზიარებ იმ ტკივილს, რაც აქვს გარდაცვლილის ოჯახს. თუმცა, ამავდროულად, ცალსახად დაუშვებლად მიმაჩნია უდანაშაულო ადამიანის დასჯა იმ ქმედებისთვის, იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია.

აღნიშნული საქმე ეხება ზურაბ საღინაძეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ზის ციხეში, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით, ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით.

მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი და მცდარი ინფორმაცია. საზოგადოებამ დღემდე არ იცის სიმართლე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვინაიდან შუქდებოდა ცალმხრივად. ნეიტრალური და რეალური ინფორმაცია საზოგადოებას არ მიწოდებია აქამდე. თუმცა, დადგა დრო საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, პროკურატურა აქტიურად ცდილობს ბრალდებული საზოგადოების თვალში წარმოაჩინოს მკვლელად და ამით გადაფაროს სრულიად გამოუძიებელი საქმე და აბსურდული კვალიფიკაცია.

,,საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაცვლილი ლუკა აბულაძე საერთოდ იჯდა ამ ბანანზე. ბანანზე არ ყოფილა მისი არც ერთი მეგობარი და იქვე მყოფ მის არც ერთ მეგობარს, არც თვითონ დაუნახავს, რომ ლუკა გაჰყვა ბანანს, არც სხვას უთქვამს მათთვის ასეთი რამ. ამის საპირისპიროდ, გარდაცვლილის ოჯახი და ნაცნობები ერთხმად უთითებენ, რომ ბავშვი ღრმა წყალში არ ცურავდა.

დაცვის მხარის მიერ მოპოვებულია ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ იმ მომენტში, როცა ბანანზე ავიდნენ ბავშვები, ბანანი იყო ღრმა წყალში და იქ ცურვის არმცოდნე ადამიანი სხვის დაუხმარებლად ვერ მივიდოდა. საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელიც იტყოდა, რომ მიეხმარა ლუკას ან სხვა ბავშვს ბანანზე ასვლაში.

გამოძიების მიერ დაუდგენელია ვითარება, რომელშიც გარდაიცვალა ლუკა და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ გამოძიების პირველ დღეებში მოსმენილ ჭორს. თავის მხრივ დაუდგენელია ამ ჭორის წარმოშობის ისტორია. საერთოდ გაუგებარია თუ საიდან გაჩნდა ლუკას ბანანზე ყოფნის და გასეირნებისას დახრჩობის აზრი, როცა ბანანზე მყოფი არც ერთი ბავშვი მას არ იცნობდა და მათ შორის ის ერთადერთი მოწმე, რომელსაც გამოძიების საწყის ეტაპზე „ამოაცნობინეს“ ლუკა, აღწერს მას როგორც ქერას და ცისფერთვალებას, როცა ლუკას ჰქონდა შავი თმა და თაფლისფერი თვალები”, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნამ ლუკას სხეულში აღმოაჩინა ალკოჰოლი, რომელიც მსოფლიო სტატისტიკით არის ზღვაში დახრჩობის შემთხვევების წამყვანი მიზეზი, რადგან ალკოჰოლის მოხმარება ბანაობისას ქმნის უეცარი გადაციებით სიკვდილის რისკს და მნიშვნელოვნად ადუნებს რეაქციას სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებში. ამ მტკიცებულების მოპოვების შემდეგ, გამომძიებლებს არ გაუკეთებიათ აბსოლუტურად არაფერი იმის დასადგენად, თუ ვინ მისცა ბავშვს კანონით აკრძალული პროდუქტი, რომელსაც შესაძლოა მისი დახრჩობა გამოეწვია!

,,საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ, ვიდრე ზურა ბანანს კატერით ზღვაში გაიყვანდა, ბანანზე ადიოდნენ და ხტებოდნენ ბავშვები, რა დროსაც, ზურას ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, შეიქმნა სახიფათო სიტუაცია: იხრჩობოდა გოგონა, მას ეხმარებოდნენ იქვე მყოფი სხვა ბავშვები და მათ თავის მხრივ ასევე გაუჭირდათ ნაპირზე გამოსვლა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგაც, გამომძიებლებმა გააკეთეს აბსოლუტურად არაფერი, რომ დაედგინათ ამ სიტუაციაში მყოფი ბავშვების ვინაობა და გამოერკვიათ, ამ დროს ხომ არ დაიღუპა ბავშვი. ამის მაგივრად, პირნათლად მიყვნენ გამოძიების პირველ დღეს გაგონილ ჭორს, რომელიც არ მტკიცდებოდა და დაიწყეს ზურასა და მისი თანამშრომლების ტერორი აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

პროკურატურა ცდილობს, რომ გამოუძიებელი საქმე და უსაფუძვლო ბრალდება გადაფაროს მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით. ისინი ცდილობენ, ლინჩის წესით გაასამართლონ უდანაშაულო ადამიანი.

პროკურორი სამართლებრივი არგუმენტებისგან დაცლილი პოზიციის გამყარებას ცდილობს მედიაში იმ ჩვენებების გავრცელებით, რომლებიც სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რადგან ზეწოლის ქვეშ იყო მოპოვებული. ამ ზეწოლის მიუხედავად, მათ მაინც ვერ ათქმევინეს ვერც ზურას და ვერ მის ვერც ერთ თანამშრომელს, მათ შორის – არასრულწლოვანს, რომ რომელი ბავშვს დახრჩობის საფრთხე ემუქრებოდა ან რომ მათ აღიქვეს ასეთი საფრთხე’.

მკვლელობის მცდელობის ალოგიკურ კვალიფიკაციაზე მარტივად დგას საკითხი: დაზარალებულად ცნობილმა ყველა ბავშვმა იცოდა ცურვა, არც მათ და არც მაშველებს არ აღუქვამთ ამ დროს ვინმეს დახრჩობის საფრთხე და არც ერთ მათგანს, არც პლიაჟზე მყოფ არც ერთ ადამიანს თავში აზრადაც არ მოსვლიათ რომ მათ წინ მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, არავის შეუტყობინებია ასეთი დანაშაული, თუმცა ამ ბრალდებით მხოლოდ ზურას თანამშრომლები ზიან დღემდე ციხეში”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები