ლევან გოგიჩაიშვილი ფოფხაძესთან დაკავშირებით თანაგუნდელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა სწორი გადაწყვეტილება არ იყო. მისი თქმით, თანაგუნდელებმა სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღეს და ფოფხაძის გაწვევის დასახელებული მიზეზი თავის მოტყუებაა.

„არ ვფიქრობ, რომ გედევან ფოფხაძე პროცედურების დარღვევით იყო არჩეული. ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი მათ შორის, ვისაც უნდა რომ მოსამართლეებად ჯალათები იხილოს და ვისაც ეს არ უნდა. თავი რაც არ უნდა ვიტყუოთ და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს რაღაც პროცედურების დარღვევით მოხდა – არ მოხდა, საკითხი ასე დგას. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, თქვენც გინდათ, რომ ეს ადამიანები გახდნენ მოსამართლეები. გედი ფოფხაძის გამოწვევა არა პროცედურების დარღვევის გამო მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მას და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვინდა ვიხილოთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამო არის აქ დატრიალებული“, – ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატმა ბიუროზე აღნიშნა, იურიდიული კომიტეტი მოსამართლეთა საკითხს ჩააგდებდა, რაც უხერხულობას შექმნიდა: „იცოდით, რომ იურიდიული კომიტეტი ამ საკითხს ჩააგდებდა და შესაბამისად, იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტი არ დააყენა უხერხულობის წინაშე. რაც არ უნდა გადაადგილებები გააკეთოთ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ვერ გახდებიან“.

მსგავსი თემები