,,სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი შვილი” – დმანისში მოკლულის დედა

დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დაპირისპირებისას ახალგაზრდის მკვლელობაში 3 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა დასჯასაც ითხოვენ.

,,ყველას დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ მათ. სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი ერთადერთი ვაჟი, მოაკვლევინეს. დაკავებულის დედამ იცოდა, რომ ჩემი ბიჭის მოკვლას აპირებდა მისი შვილი, აქ მოვიდა და ხუმრობდა. მოკლავს, მოწია რაღაც და შეშლილივით დადისო. აქამდე რატომ არ აკავებენ სხვებს, ეს ჯგუფური დანაშაულია”, – ამბობს მოკლულის დედა.

ბრალდებულ არასრულწლოვანს კი რუსთავის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება. უფლებადამცველის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბულინგის მსხვერპლი იყო.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, მოწმეების ჩვენებით, 15 წლის მოზარდის ქმედებაში არა მოგერიება, არამედ განზრახ ქმედება იკვეთება. ბრალმდებლის თქმითვე, მკვლელობაში სხვა პირები არ მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები