ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ახალი რეგულაციების თანახმად, ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და კაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.

NCDC-ს ინფორმაციით, 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. 15-დან – 45 წლამდე გოგონებისა და ქალებისათვის აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

რაც შეეხება ბიჭებსა და კაცებს, 15-დან 26 წლამდე – აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის ხორციელდება პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც რეგისტრირებულია და გაწეული მომსახურება (აცრა-ვიზიტი და ექიმის კონსულტაცია) სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. 13-45 წლის ასაკის ქალბატონებისა და 13-26 წლის კაცებისათვის გაწეული ვაქცინაციის მომსახურება (აცრა-ვიზიტისა და ექიმის მომსახურება) ტარდება აპვ ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

 

 

 

მსგავსი თემები