უკრაინამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ

უკრაინამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის მოხსნაზე.

15 სექტემბერს სლოვაკეთმა, პოლონეთმა და უნგრეთმა ცალმხრივად შემოიღეს ეროვნულ დონეზე აკრძალვა უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებაში დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, უკრაინამ წარადგინა მოთხოვნები სლოვაკეთთან, პოლონეთთან და უნგრეთთან კონსულტაციების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში“, – ნათქვამია უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინული მხარე ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი ქმედებები ვაჭრობის სფეროში მიუღებელია და ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს სავაჭრო პოლიტიკის კოორდინაცია და ჰარმონიზაცია, რადგან ეს ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შედის.

როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაამტკიცოს, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა.

მსგავსი თემები