ბიჭი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 6 სექტემბერს, ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.

„ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა. სასიცოცხლო ჩვენებით, საოპერაციო ბლოკში შემოყვანილ იქნა 24 წლის მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში.

კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების შერყევა გამოიწვია. კერძოდ, დაზიანდა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები.

პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა.

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. გუნდის მიერ ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის ფონზე მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე“, – წერს კლინიკა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები