რა ვითარებაა N5 ქალთა ციხეში

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც რთულ საყოფაცხოვრებო პირობებზე მიუთითებს.

მონიტორინგის ჯგუფმა რამდენიმე შემთხვევაში მიიღო ინფორმაცია პატიმრების მიმართ უხეში მიმართვების შესახებ.

“პერიოდულად ადგილი აქვს პატიმართა შორის კონფლიქტის შემთხვევებს. პატიმართა უმრავლესობა დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნისგან თავს იკავებს და ცდილობს საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლებთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები ან დასახმარებლად ადმინისტრაციასთან დაახლოებულ პატიმრებს მიმართოს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენის თანახმად, პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა.

“იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი ერთ თვეზე მეტი ელოდა სპეციალისტის კონსულტაციას. ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიო-ფსიქო-სოციალურ ხასიათს. დაწესებულებაში არ ხდება ხანდაზმული პირების სტატისტიკის წარმოება და მათი საჭიროებების გამოვლენა.

”კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სადაც ახალ შემოსახლებული პატიმრები ხშირად 10-14 დღეს ატარებენ და კანონით გარანტირებული გასეირნების უფლებითაც კი ვერ სარგებლობენ”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი პატიმართა სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის დაცვისა და კანონით დადგენილი, ოჯახთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს.

“დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში, სატელეფონო აპარატები განთავსებულია ადმინისტრაციის სამუშაო ოთახებთან და პატიმრის საუბარი ისმის. შიდა კლასიფიკაციის საკნებში ყოფნის დროს, ძირითადად შეუძლებელია ოჯახთან დაკავშირება”, – წერს ომბუდსმენი ანგარიშში.

ასევე, გამოწვევად რჩება დაწესებულებაში უწყვეტი წყალმომარაგება და სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფაც.

მსგავსი თემები