რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შეიარაღებულ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის. მისი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება აღარ იქნება შესაძლებელი.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა შეიარაღებული კონფლიქტი მომავალში, რიაბკოვმა განაცხადა: „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეა დამოკიდებული. არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა”.
“არჩევანი მთლიანად ნატოს მხარეზეა. ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვაჩვენეთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველანაირი საშუალებით. არ მგონია, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა ამა თუ იმ ფორმით უახლოეს მომავალში აღდგება. ეს გამორიცხულია როგორც პრინციპული, ისე პრაქტიკული მიზეზების გამო. თუ ვინმე დასავლეთში ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობები ჩვენ გვჭირდება და რაღაც მომენტში მოვალთ და ვითხოვთ მათ აღდგენას, მაშინ ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა. რუსეთი ადრე მზად იყო მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ თანაბარი და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ახლა კი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება, ვერც კი წარმომიდგენია სიტუაცია და კონტექსტი, რომელშიც ეს შესაძლებელია”, – განაცხადა ლავროვის მოადგილემ.