ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა

ინგლისის ესექსის საგრაფოში, ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ჰარლოუში მეხუთე ავენიუს  ზელენსკის ავენიუ ეწოდა.

გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიალს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა ცერემონიას დაესწრო დეპუტატი რობერტ ჰალფონი.

რობერტ ჰალფონმა განაცხადა, რომ ქალაქი იყო შესაფერისი ადგილი უკრაინის ლიდერის სახელობის ქუჩისთვის, რადგან ჰარლოუ აშენდა მრავალი ლონდონელი დევნილი ოჯახისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„ჰარლოუ ახალი ქალაქი ფენიქსივით გაჩნდა ფერფლიდან. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა უკრაინელებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს – რომ როგორც კი ისინი რუსეთზე გაიმარჯვებენ, რომ არის იმედი, არის შესაძლებლობა, რომ მათ ექნებათ ახალი ლამაზი ქალაქები,”- განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე შეაქო ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც დაეხმარა დაახლოებით 70 უკრაინელ ლტოლვილს რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

მსგავსი თემები