პოლიციამ იმერეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან “კრიმინალური ,,ავტორიტეტები”: 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა “კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები – 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“).

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის, მ.ა.-ს დავალებით, ბ.დ. და კ.კ. აღნიშნულ პიროვნებას შეხვდნენ, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით
დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამივე პირი იმერეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

მსგავსი თემები