„კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება

კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არასერიოზულია განცხადება, რომ კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ბადრაგად მუშაობდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა:

2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას…

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად.  მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეხება ცენტრის ხელმძღვანელს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, კობა ხუბუნაია ბადრაგ არასდროს ყოფილა.

„კინოცენტრის დროებითი მმართველი ზემოხსენებული რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კობა ხუბუნაიასათვის ეთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასათვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება…

დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია“ – განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

 

მსგავსი თემები