„არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს“ – შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლე

„დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს“ – ასე ეხმიანება აშშ-ის მიერ დასანქცირებული უვადოდ გამწესებული მოსამართლე ირაკლი შენგელია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას.

როგორც მოსამართლე აცხადებს, არანაირი სურვილი აქვს, ეწვიოს ამერიკას.

„მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც ,,სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, ,,რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა, სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ,,რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ“ – აცხადებს დასანქცირებული მოსამართლე შენგელია.

 

მსგავსი თემები