,,საქმე ეხება მოსამართლეების საქმეს ჩარევას, ფულის შეთავაზებას, საქმეების “კლანურად” გადანაწილებას”- კახა წიქარიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე

,,საქმე ეხება მოსამართლეების საქმეში ჩარევას, ფულის შეთავაზებას, მოსამართლეების დაშინებას, მოსამართლეების გამოკეტვას სათათბირო ოთახში – ეს არის იმ ხერხების მცირე ჩამონათვალი, რითაც კლანი ერეოდა და ერევა სასამართლო საქმიანობაში” – ამის შესახებ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“, სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”კლანის შესახებ წლების განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია, არსებობს უამრავი მოწმე და უამრავი მტკიცებულება თუ რას აკეთებდა ეს კლანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ”

,,მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოცხადებულ სანქციების იმ ოთხი მოსამართლის მიმართ, რომლებიც უკვე 15 წელია მართავენ სასამართლო სისტემას და ფორმალურად თუ არაფორმალურად ერევიან მოსამართლეების საქმიანობაში. ეს ადამიანები, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იმყოფებოდნენ სისტემის სათავეში და სწორედ, მათ კისერზეა მილიონი ცუდი საქმე. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდნენ მილიონ ცუდ საქმეს.

თუ ეს ჯგუფი 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებზე მუშაობდა, 2012 წლის შემდეგ მუშაობს „ქართული ოცნების“ დაკვეთებზე. ის, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის უფრო თავისუფალი ვიდრე ადრე, ამაზე ჩვენ არ ვდავობთ, თუმცა ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ჯგუფის მეშვეობით ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში, ახდენს ზემოქმედებას მოსამართლეებზე იმ საქმეებში, რომელიც მას აინტერესებს. „ქართულ ოცნებას“ ყველა საქმე არ აინტერესებს, მაგრამ მისთვის საინტერესო საქმეებზე სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით ახდენს ზეგავლენას,”- განაცხადა კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“.

 

“მათ კისერზეა მილიონი ცუდი საქმე” – კახა წიქარიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე

 

მსგავსი თემები