თბილისში, ზრდასრულების მესამედს „კოვიდ 19“ გადატანილი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისში, კორონავირუსთან მიმართებაში კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ზრდასრულების მესამედს ვირუსი გადატანილი აქვს.

„ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.

კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა თბილისის მთელ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:

თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები).

ანალოგიური კვლევა თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული – 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოვლენილი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში – 9.1%-ს“,- აცხადებს მთავარი ინფექციონისტი.

მსგავსი თემები