მთავრობის მეთაურებმა მოქალაქეებს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცეს

მთავრობის მეთაურებმა საქართველოს მოქალაქეებს, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული და ღირსშესანიშნავი თარიღია, არამხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, არამედ იმ მხრივაც, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც 100 წლის წინ, პირველი კონტიტუციის შემუშავებაში ქალებიც მონაწილეობდნენ.

“100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:12 საათზე დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს. მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში და რაც მთავარია, თავად იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები. მარიამ ჩხეიძე, სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განმარტებით კი, ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში, ადასტურებს ცივილიზებული სამყაროსკენ ჩვენს მისწრაფებებს:

“დღეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. 100 წლის წინ, დღევანდელ დღეს გაიხსნა პირველი დამფუძნებელი კრება, რომლითაც დაიწყო პარლამენტარიზმის ისტორია ჩვენს ქვეყანაში.

ის, რომ ჯერ კიდევ ასი წლის წინ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ეპოქაში, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ჰყავდა, ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს, ფასეულობებს და ჩვენს არჩევანს, ცივილიზაციურ არჩევანს, რომლის მიხედვითაც საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის სრულუფლებიანი ნაწილი. ჩვენ და ჩვენს თაობას აქვს ვალდებულება, რომ ვიყოთ იმავე ღირებულებების და იმ ტრადიციების ერთგული”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს წინაპართა მიერ შექმნილ დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის ტრადიციებს:

„ასი წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, ზუსტად ამ დროს, გაიხსნა საქართველოს პირველი პარლამენტის – სახალხოდ, თავისუფლად და დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული მოვლენის ასი წლისთავს ვხვდებით დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, რომლის პარლამენტიც ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას. რუსეთის იმპერიის დამხობიდან ორი წლის თავზე საქართველოში ჩატარდა იმ დროისათვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რისი დაგვირგვინებაც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების გახსნა იყო.დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები 4 პარტიიდან და კრების გახსნას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. დამფუძნებელი კრების წევრების ხედვა მიპყრობილი იყო საქართველოს თავისუფალი და ბედნიერი მომავლის შენებისაკენ. ჩვენ, მათი შთამომავლები, მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დღეს სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენად ღირსეული ტრადიცია აქვს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პარლამენტარიზმს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები