ირმა ინაშვილი: ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადდეს

საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელება დასჯადი უნდა გახდეს, რის შესახებაც, საკანონმდებლო პაკეტი უნდა მომზადდეს.

 „ახალი “სტანდარტია” ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ,- პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, შენ კი, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა-არმოხდაში.

დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც მას არ უთქვამს, ეს ნიშნავს მისი სახელით მანიპულირებას. 
ამ კუთხით სრულიად არაეფექტურია კიბერუსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. გაუგებარია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსი. ვფიქრობ, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი და ამის ორგანიზებას ვთავაზობ “ქართულ ოცნებას”, რადგან ოპოზიციის არცერთი ინიციატივა პარლამენტში დღეს არ გადის”, – აცხადებს დეპუტატი.

ირმა ინაშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ვიდრე მსგავს ინფორმაციას გაავრცელებენ, კონკრეტულ რესპონდენტთან გადაამოწმონ.

„პირველი წყარო თქვენთვის ვართ ჩვენ, ცოცხალი რესპონდენტები- პოლიტიკოსები და არა რომელიმე სააგენტო. წესით, უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე გაავრცელებთ მსგავსი ტიპის “ინფორმაციას”, ის უნდა გადაამოწმოთ ადამიანთან, რესპონდენტთან, რომელსაც კონკრეტულ ციტატას მიაწერთ. 

მომავალში გადაამოწმეთ ინფორმაცია. მე დილის 6 საათამდე მღვიძავს და მედიასთან ყოველთვის აქტიურად ვთანამშრომლობ!

რაც შეეხება ბოდიშს, ეს სასარგებლოა ზოგადად ქართული სოციალური მედიის, უშუალოდ თქვენთვის და მკითხველისთვისაც, თორემ არც დავით თარ ხან-მოურავია ბოდიშების მოყვარული დ არც მე. წარმატებებს გისურვებთ!” – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია სათაურით, „სირცხვილია, მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ, – თარხან-მოურავი”, რომელიც სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ სკანდალზე, დავით თარხან-მოურავის შეფასებას უკავშირდება.

“მედიაცენტრ მთავარს“ დავით თარხან-მურავის წარმომადგენელი ნინო გობეჯიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ:

„რა თქმა უნდა, ბატონი დავითი ამბობს, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ის არაფერ შუაშია. მას არ სურს, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მედიასთან. ამბობს, რომ კავშირი არ აქვს. ის უარყოფს გავრცელებული ინფორმაციის მასთან კავშირს. ის ბატონი დავითის სიტყვები არ არის”.

აღნიშნული ინფორმაცია გამავრცელებლებმა საკუთარი ვებგვერდიდან აიღეს.

მსგავსი თემები