იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დავის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.
როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნულ განცხადებაში „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ არის საუბარი.
“ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times, Wall Street Journal, Bloomberg, Reuters და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჟღერდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რასაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფირმა განცხადებას თან ურთავს სტატიას, რომლის გამოქვეყნებაზეც უარი 14 თებერვალს მიიღეს. სტატიაში ნათქვამია, რომ 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ”ეს ყველაფერი ბატონი ივანიშვილის მიმართ დაუფარავი შანტაჟია.”