„ოჯახს წარმოუდგნელად მიაჩნია თვითმკვლელობის სიტუაცია“ – თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა დღეს იქნება ცნობილი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თვითმკვლელობის ვერსიის მოსაზრებას არ ეთანხმება, მისივე განმარტებით ნაპოვნი წერილები არ მიუთითებს აღნიშნულზე.

„ეს წერილები არ არის, ეს არის ფერადი, პატარა ფურცლები. რამდენიმე ფურცელია ნანახი, სადაც წერია, ჩემი ანაბრიდან გამოიყენეთ თანხებიო. არ ჩანს, რომ სიკვდილის წინ, ვინმეს დაუწერა რამე. მაშინ უნდა ჰქონდეს მითითებული ვის უტოვებს, რამდენს უტოვებს. არანაირი ანაბრის ნომერი მითითებული არ არის. დედამისი გათიშულია საერთოდ. წარმოუდგენლად მიაჩნიათ თვითმკვლელობის სიტუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა, მისივე მოსაზრებით მომხდარში ყველანაირი ვერსია დასაშვებია:

„არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება გაგვიჩინოს ეჭვი. თუ ეძებდნენ და მანქანა 5 დღე იქ იდგა, მაშინ უნდა ეპოვათ. თუ არ ეძებდნენ, ე.ი. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. იმდენი ხნის გარდაცვლილია გოგონა, რომ ის მანქანას თავისით იქ ვერ მიიყვანდა, ანუ ვიღაცამ მიიყვანა,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის წინ გაუჩინარდა, 22 ივლისს კი, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი თემები