„არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ“ – რომის პაპი საქართველოზე

რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან საქართველოზე, მის ოკუპირებულ ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ფეხზე წამოდგომას ყოველთვის ახერხებდა.

პონტიფიკოსის მიმართვას წმინდა საყდრის ნუნციო საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური ავრცელებს.

„საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, – აღნიშნა პაპმა.

პაპმა აღნიშნა, რომ ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად.

პაპმა ილია მეორეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს.

„მახსენდება პატრიარქი ილია – დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! – ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა – მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, – აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.

 

მსგავსი თემები