„არაფრის დამატება არ მინდა”- ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდეს, რადგანაც მას პატიმრობა უკვე ჰქონდა შეფარდებული ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე.  გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

თავად ესებუა პროცესს დისტანციურად ესწრებოდა, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი. მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2023 წლის 30 მარტს ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით,  „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის და იქ მყოფი პირების მძევლად აყვანის სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილს, რომელიც პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავა, დაკავებისას  მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის  ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა.

მსგავსი თემები