ბადრი ესებუამ სასამართლო დარბაზში მიყვანა მოითხოვა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლო სხდომაზე დასწრებას ითხოვს. დღეს ის სასამართლოზე დისტანციურად ჩართეს, თუმცა, პროცესი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სკაიპით ჩართვას აზრი არ აქვს და დარბაზში მიყვანა მოითხოვა.

„არაფრის დამატება არ მინდა. მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ სასამართლოზე.

მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუ რომელიმე მხარის პოზიცია არ ესმოდა, გაიმეორებდნენ, თუმცა, ესებუამ გამეორება საჭიროდ არ ჩათვალა და დარბაზში ყოფა ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ესებუა 2 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედება „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება და მძევლების აყვანა. მან ბანკიდან 500 ათასი აშშ დოლარი წაიღო. თანხას ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები