,,ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი გავაკეთეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერმა უპასუხა კითხვას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი.

„მინდა, გადავიდე შემდეგზე – კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორი არის ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება 12-ვე რეკომენდაცია. მინდა, მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მინდა, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს სამი წლის დაგვიანებით დაიწყეს რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები