,,ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს”- კელი დეგნანი

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია – საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს (მოლაპარაკების) მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-სა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

„საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან”.

მსგავსი თემები