,,არის გარკვეული აღქმები, მაგრამ ნული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს გავლენას დღეს პოლიტიკაზე, ან მედიაზე”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არ არსებობს არავითარი ფაქტი, თუ მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ან მედიაში ერევა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რაღაც გაუგებარი აღქმებით საუბრობენ.

„საზოგადოება ამას ხომ ხედავს?! არც საზოგადოებას და არც მათ არავითარი ფაქტი არ აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთი-ერთზე მქონია საუბარი და ვეკითხები – როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავლენა, მსოფლიო ისტორიაში თუ გახსენდებათ შემთხვევა, რომ პირი პოლიტიკურ პროცესში არავითარი ფორმით არ არის ჩართული, არც მედიას ფლობს, არავისთან კონტაქტი არ აქვს, არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და ახერხებს სახელმწიფოს კონტროლს მეთქი. მსოფლიო ისტორიაში ასეთი რამ არ არსებობს. მათ, ან უნდა აღიარონ, რომ ეს კაცი რაღაც ზებუნებრივი ძალების მატარებელი გენიოსია და ესეც არ უნდათ, ან გამოდის, რომ მარტივ ტყუილს ამბობენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს შეუძლია პირდაპირ დააკოპიროს უკრაინული კანონი ოლიგარქების შესახებ, როგორც პროექტი და მერე თითოეულ პუნქტს დასჭირდება მსჯელობა.

,,იმისთვის, რომ არ გაიხსნას ახალი სივრცე სპეკულაციებისთვის, შეიძლება, პირდაპირ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი ოლიგარქების შესახებ, როგორც პროექტი და მერე თითოეულ პუნქტს დასჭირდება მსჯელობა. არსებობს ოლიგარქის ობიექტური დეფინიცია, რაც ასახულია უკრაინულ კანონში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რას გულისხმობს, ოლიგარქი არის მდიდარი ადამიანი, რომელსაც დადასტურებული გავლენა აქვს პოლიტიკაზე და მედიაზე. უკრაინის შემთხვევაში მას 80, თუ 85 მილიონ დოლარზე მეტი უნდა ჰქონდეს აქტივები. უკრაინის შემთხვევაში არის ინსტიტუცია, რომელიც ამას ადასტურებს და საქართველოს შემთხვევაშიც ეს ვიღაცამ უნდა დაადასტუროს, ანუ გარკვეულმა საჯარო ინსტიტუციამ,”- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული პიროვნების მიმართ ოლიგარქის მისადაგება  აღქმებზე ვერ იქნება დამოკიდებული და ამის დადასტურება მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს.

,,შესაბამისად, ეს უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ მსჯელობაზე და რაც მთავარია, მტკიცებულებებზე. იგივე, როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, აქ არის ზუსტად იგივე ყბადაღებული თემა – ფაქტი და აღქმა. საუბრობენ, რომ არის გარკვეული აღქმები, მაგრამ ნული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს გავლენას დღეს პოლიტიკაზე, ან მედიაზე. თუ იქნება საუბარი კანონზე და მის აღსრულებაზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება იმის პასუხისმგებლობა, რომ დამტკიცდეს მისი გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე“– განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები