,,ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც”ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა”- ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების თავის ხედვა უნდა წარმოადგინოს, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა.

„მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად. თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ, არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, მე მაგალითად მაინტერესებს რას შემოგვთავაზებენ სასამართლოსთან მიმართებით. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, ვფიქრობ ამას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ცვლილებები უნდა იქნას მიღებული. უბრალოდ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც არაფერი მოჰყვება, არაფრის მომცემი იქნება. გარდა ამისა, საჭიროა წინასწარ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან მან უნდა ჩანიშნოს ეს სხდომა,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები