„ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის“ – ევროპარლამენტარი

საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. გუშინ კი საქართველოს საკითხზე განხილულ დისკუსიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ქვეყანას მისი გამოსწორებისკენ მოუწოდეს.

როგორც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, წევრობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის.

შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება –  დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა მწვავე დებატებისას.

ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით,  სწორედ აქედან მოდის ევროპარლამენტარების  შეშფოთება.

„მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი.  სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიო ფორმით. პირველად არ ხდება, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი ვითარების წინაშე არიან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

მსგავსი თემები