,,საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი”- ნედ პრაისი

,,ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო აღნიშნულ პროცესს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრაისმა აღნიშნა, რომ ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს​ კონკრეტული მოთხოვნები, გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას კი, ალიანსი იღებს. მისივე თქმით, საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას მის მისწრაფებებთან და ამბიციებთან დაკავშირებით.

„გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რათა განიხილებოდეს მისი წევრობის საკითხი. საქართველო უკვე არის ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან.

ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდში საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ ქვეყნებს შორის. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები