ქაოსმა გამოფიტა თბილისი, გაქრა ურბანული ფასეულობები – კახა კალაძე  

თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ქართული მხარის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

კახა კალაძემ შეხვედრაზე დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, ქალაქი დაიცვას მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვის აუცილებელია.

“ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი, თანამშრომლობისა და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები, რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და ის მოქალაქეებს, მის მცხოვრებლებს დავუბრუნოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია როგორც რისკების პრევენციისკენ, ისე, დედაქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისკენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წრის გაფართოებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თბილისის მხარდაჭერით და დედაქალაქთან თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 100 მედეგი ქალაქის ევროპის და შუა აზიის რეგიონის უფროსი ლინა ლიაკუდა, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორი მერსი ტემბონი.

თბილისი 100 მედეგი ქალაქის ქსელს 2016 წელს შეუერთდა.

მსგავსი თემები