ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კორპუსის მდგრადობა კი შესასწავლია

ვაზისუბანში წუხელ მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, დაშავებულია 4 ადამიანი. გარდა აღნიშნულისა, საეჭვოა, შესაძლებელია თუ არა იმ კორპუსში ცხოვრება, სადაც ბუნებრივი აირი აფეთქდა.

საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, მდგრადობას სპეციალისტები შეისწავლიან. რაც შეეხება მაცხოვრებლებს, მათი ევაკუაცია განხორციელდა.

“რაღაცის პროვოცირების შედეგად მოხდა ამ დაგროვილი გაზის აფეთქება, გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მოვა „თბილისი ლაბორატორია“ შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით და გვექნება ინფორმაცია. თუ უფლებას მოგვცემენ მოსახლეები ბინებში შევლენ, თუ არა, ყველას სასტუმროში გადავიყვანთ”, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ერთ-ერთი, 43 წლის მამაკაცი რეანიმაციაში რჩება. 60%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი სამი დაშავებული კი ინტოკსიკაციით სხვადასხვა კლინიკაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ვაზისუბნის დასახლების მე-15 კორპუსში მოხდა.

 

მსგავსი თემები