საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ორი ოპოზიციური ფრაქციის და ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში 7-წევრიანი ფრაქციის “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და 32 წევრიანი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ შექმნას კენჭი უყარა.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

რაც შეეხება 7-წევრიან ფრაქციას “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“, ფრაქციაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“ სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფის – “ევროპელი სოციალისტების“ შექმნას. 4-კაციანი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ფრიდონ ინჯია იქნება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია, მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შემოღებული სიახლეა.

მსგავსი თემები