“მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდე სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულ რიცხვს წარმოადგენს.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით, გრძელდება არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობის ჩათვლით, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. საკმაოდ ნაყოფიერი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში”, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები