ვინც ფაშიზმს აფარებს ხელს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში, ხოლო მათი მხრიდან პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ამ იდეას აზიანებენ.

​პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსზე, სადაც მან განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, თუ კომპანია უნდა დაიმახსოვრონ და უკიდურესად შეავიწროვონ, ვინც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ ან სხვაგვარად ეხმარებიან.

​ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადებები არის ფაშისტური, რაც უკავშირდება საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებულ რეიტინგს, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს, ხოლო ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვარამიას განცხადებებს მხარს უჭერენ, კობახიძის აზრით, ფაშიზმის თანამონაწილეები არიან.

“ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, 28 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გასცეს საკადრისი პასუხი “ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს”.

ნიკა გვარამიამ, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი განათავსა: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”

​გვარამიას პოზიცია გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

“საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით.  თუმცა, ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

მსგავსი თემები