„წინასწარ ვუთხარით, რომ ლგბტ პრაიდი შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა  თბილისში  5 ივლისს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრით გახსნა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,  წინასწარ ყველა გააფრთხილეს, რომ ე.წ. პრაიდი პროვოკაციულ ხასიათს შეიცავდა.

„აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში.  რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს. ევროპის შუაგულში, საფრანგეთში და არა მხოლოდ, დიდ ბრიტანეთში, ყველგან, ჩვენ გვახსოვს კვირების განმავლობაში განუწყვეტელი, ასე ვთქვათ ძალადობრივი, აგრესიული მანიფესტაციები, დემონსტრაციები, სადაც ათეულობით და ასეულობით ადამიანი დაშავდა, უამრავი დაიღუპა და დასახიჩრდა.

გვახსოვს აშშ-ში, თვეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი, აგრესიული დემონსტრაციები. მთელ ქალაქებში, სადაც გადაწვეს ავტომობილები, დააზიანეს კერძო საკუთრებები და ადამიანები დახოცეს. ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, ასევე, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ აღლუმის რუსთაველზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც ბუნებრივია ხდება დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა,“- აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები