ემიგრანტი მხატვრის ქართული ფიქრები და კახური ზეთით შექმნილი საღებავი – ინტერვიუ ლევან მოსიაშვილთან

  •  

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის შთაგონების წყაროდ, საქართველოს ერთ-ერთი კუთხე – კახეთი, ჯერ კიდევ ბავშვობაში იქცა. კახელი გლეხის ყოფა-ცხოვრება, ტკივილი, საზრუნავი, თუ ლხინი ტილოზე გადაიტანა და მსოფლიოს გააცნო. თუმცა, ეს მისი სამხატვრო კარიერის, მხოლოდ დასაწყისია. ლევან მოსიაშვილის შემოქმედების მეორე ეტაპი მთლიანად მის მშობლიურ ქალაქს, თბილისს მიეძღვნა. თავის ნამუშევრებში გადმოსცა მრავალეთნიკური ქალაქის ცხოვრება, მჭიდრო ურთიერთობები, ახლო მეზობლობა… მცირე ხნით მოზაიკამაც გაიტაცა. თავისი შვილისთვის ცხოველების გამოსახულებებს ქმნიდა. დღეს კი, აბსტრაქციონიზმი იტაცებს და საფრანგეთში ერთ-ერთი მოთხოვნადი მხატვარია. როგორ მოვიდა წარმატება და რა სირთულეებთან მოუხდა გამკლავება, ამის შესახებ ლევან მოსიაშვილი საუბრობს.

– როგორც ვიცი, პროფესიით ბიოლოგი ბრძანდებით და რეჟისორის დიპლომიც გაქვთ, როდის დაიწყეთ ხატვა?

– დიდ ხელოვნებაში თამაშ-თამაშით შემოვედი. სულ სხვა მიმართულებით ვაპირებდი კარიერის შექმნას. ჩემი სპეციალობები ძალიან ბევრ რამეში მეხმარება. 1996 წელს, ჩემი ნამუშევრები საფრანგეთში, ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე მოხვდა. დამირეკეს, – გამარჯვებული ხარო. შემდეგ იყო მიწვევები სხვა კონკურსებზე, გამოფენებში მონაწილეობა. ასე მომიწია გაფრანგება, მაგრამ სულით ქართველი ვარ და ჩემს ბოლო ნამუშევრებში ძალიან ხშირად ვხატავ საქართველოს პეიზაჟებს. მაინც საქართველოს ვხედავ და საქართველოზე ვფიქრობ. პირველი პერიოდის ნამუშევრებში ქართული ფოლკლორი, ქართული ტრადიციები, ჩვენი ეროვნული ჩაცმულობა ავსახე. ჩემი ბევრი მაშინდელი ნამუშევარი, კერძო კოლექციებში ინახება.

– თქვენს შემოქმედებას სამ ეტაპად ჰყოფთ?

– თბილისში დავიბადე. მამა-პაპით კახელი ვარ და ჩემი ბავშვობა კახეთს უკავშირდება. იმ პერიოდის ნამუშევრებს კახური ზეთით ვქმნიდი. მხოლოდ იმ ზეთით შემეძლო მიმეღო ჩემთვის საჭირო კონსიტენცია. არ ვიცოდი ფერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად წებო თუ იყო საჭირო და საღებავებს კახური ზეთით ვაკავშირებდი ერთმანეთთან. ერთგვარი “კახური პერიოდის” ნამუშევრები გამოვიდა. ვამაყობ, რომ შევძელი უცხოელებისთვის ქართული სოფლის ყოფა-ცხოვრება მეჩვენებინა.

– საინტერესოა, ფიროსმანის მსგავსად თავად შეიმუშავეთ საღებავების გამოყენების ტექნოლოგია?

– ფიროსმანს თავს ვერ შევადარებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, შრომით მოდის ყველა საიდუმლო და ყველა შედეგი. დღემდე ძალიან ბევრს ვმუშაობ. ყოველთვის, რაღაცას ვიგონებ, ჩემეულს ვეძებ, თბილისის პეიზაჟებშიც და სოფლის ხედებშიც. საფრანგეთში საუკეთესო ხარისხის საღებავები შევიძინე, მაგრამ კახურ ზეთში გაზავებულ საღებავებს ვერ აჯობა. ქართულს ყველაფერს ფასი აქვს.

– საჭმლის ზეთს გულისხმობთ?

– კი, ჩვეულებრივ მზესუმზირის ზეთს. მზეზე ვაჩერებდი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში. უფრო ბლანტი ხდებოდა, თვისებებს იცვლიდა. ამ წუთას ჩემი ერთ-ერთი საიდუმლო გაგიმხილეთ.

– როგორ მიაგენით ამ ტექნოლოგიას?

– შემთხვევით. გახსოვთ გასული საუკუნის მძიმე, 90-იანი წლები. არ იშოვებოდა საღებავის გამხსნელები. ერთ დღეს, საუზმისას მოვიფიქრე, ზეთს ვცდი მეთქი. დავფიქრდი, როგორ შეიძლება ზეთმა შეიცვალოს თვისებები. სკოლაში ნასწავლი ქიმია გამომადგა. სპეციალური ჭურჭელი გამოვყავი, რომელშიც ვასხამდი ზეთს და თვეების განმავლობაში მზეზე ვკიდებდი. შემდეგ კი, მარტივი გზით სასურველ კონსიტენციას ვღებულობდი. ვერ გეტყვით, რომ შემდეგ ეს ტექნოლოგია განვავითარე, ეს უბრალოდ ერთი ეტაპი იყო ჩემს შემოქმედებაში და მინდა დარჩეს იმ მოგონებად, რაც მზიან კახეთს უკავშირდება. ის პერიოდი საკმაოდ საინტერესოდ აისახა ჩემს ხელოვნებაზე. დღეს რასაც ვაკეთებ, ეს არის ყველა გზის მაღალი წერტილი, რაც აქამდე გავიარე. რაც დღემდე შემიქმნია ყველაფერს თავს ვუყრი აბსტრაქციაში

– როგორ აღმოჩნდით საფრანგეთში?

– შემთხვევით. 90-იან წლებში, სხვა მხატვრების მსგავსად თბილისში, მშრალ ხიდთან ვიფინებოდი. სხვა მხატვრების მსგავსად ამით ვარჩენდი ოჯახს. ერთ დღესაც მოვიდა საფრანგეთის კონსული, გამეცნო, მოეწონა ჩემი ნამუშევრები, დავმეგობრდით. სწორედ მან წაიღო ჩემი ნამუშევრები კონკურსზე საფრანგეთში. 1998 წელს მარსელის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გავხდი და საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა შემომთავაზეს. ამით დასრულდა ჩემი შემოქმედების ყველაზე ხანგრძლივი, 15-წლიანი “ქართული” პერიოდი. ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება და გათვლა შეუძლებელია. ამ წლების განმავლობაში, თავდაუზოგავად ვშრომობდი.

– ალბათ, იღბალიც დაგეხმარათ?

– იღბალი მოდის, თუ მზად ხარ მის შესახვედრად.

– საფრანგეთს უარყოფითი ცვლილებები ხომ არ მოუხდენია თქვენს შემოქმედებაზე?

– ემიგრანტობის პირველი ხანები არის შოკი, რომელიც ყველა ემიგრანტს ემართება. თავიდან გიწევს უცხო ქვეყანაში ყველაფერის დალაგება, ურთიერთობებისა და ყოფითი საკითხების აწყობა. გარკვეული პერიოდი გაქვს, როცა ვერაფერ ახალ ვერ ქმნი. დასავლეთის სამყარო უხვად გთავაზობს სიახლეებს. იქ ბევრი რამ ვისწავლე კოლეგებისგან, ურთიერთობებისგან. მათ თავიანთი სახელოსნოს კარი გამიღეს. ბევრი რამ მომცა საფრანგეთმა, წართმევით კი წამართვა ის, რომ “ქართული პერიოდის” ნამუშევრები ძალიან მიყვარს და ვეღარ ვხატავ. მაგრამ ახალი ტექნოლოგიები, ახალი ხედვები და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო. ჩემის აზრით, საფრანგეთი ხელოვნების მექაა, მაგრამ თავიდან ძალიან ეკლიანი და რთული გზა არის გასავლელი.

– საფრანგეთის პეიზაჟებს თუ ხატავთ?

– სამი წლის წინათ შექმენი ავანგარდული, ცოტა კუბისტური ელემენტების სერია: საფრანგეთის პეიზაჟები, ლაჟვარდოვანი სანაპირო, ფრანგული პროვანსი, რომლის თითქმის მთელი კოლექცია ნიცაში, ერთ-ერთმა კოლექციონერმა შეიძინა და იქ დარჩა, არ გამომატანეს საქართველოში. არ მიყვარს გაჩერება, მირჩევნია ვეძებო კიდევ და კიდევ…

– შეკვეთით თუ ხატავთ?

– ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა შემიკვეთა დავხატო თბილისის ღამის ხედი და ძალიან ვნერვიულობ. შეკვეთებს გავურბივარ, არ მიყვარს, ვიძაბები. შთაგონება თავისთავად უნდა მოვიდეს და არა ვინმემ დამაკვალიანოს.

– როგორ მოდის მუზა?

– თავისით. არ ვეძახი. მოდის, მაღვიძებს და მახატინებს.

– სიზმარში ნანახი თუ დაგიხატავთ?

– კი. მაგალითად შარშან, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მქონდა გამოფენა სათაურით “ფრანგული სიზმრები”. ნამუშევრების მთელი სერია იყო წარმოდგენილი.

– თქვენი ნამუშევრები ტერორისტებს ჩავარდნიათ ხელში და გაუნადგურებიათ?

– 2000 – 2001 წლებში მქონდა პატივი, პერსონალური გამოფენით სირიაში ჩავსულიყავი. ერთ-ერთი გამოფენა შესდგა ალეპოს გალერეა “ისა ტუმაში”. წარმატებული გამოფენის შემდგომ გალერის ხელმძღვანელმა მთხოვა რამდენიმე ნახატი სახსოვრად და ისტორიისთვის დამეტოვებინა. ჩემს მიერ შექმნილი ერთ-ერთი სერია – “შეყვარებულები” ვუსახსოვრე. არაბულ სამყაროში ხელოვნებაში სიშიშვლის გამოჩენა ძალიან სახიფათო თემაა. ჰოდა ამასწინათ იმ პიროვნებამ მომწერა, რომ ტერორისტებს დაუპყრიათ გალერეა, გამოუტანიათ ჩემი ტილოები და სახალხოდ ჯერ დაუხვრეტიათ, შემდეგ დაუწვავთ. იმ დროს იქ რომ ვყოფილიყავი ჩვენი ინტერვიუ ნამდვილად არ შედგებოდა. ასე ებრძვიან სიყვარულს და თავისუფლებას. თავად გალერეის პატრონიც ემიგრაციაშია გაქცეული და ამასწინათ მომწერა, უკან რომ დავბრუნდებით, ისევ მოვაწყოთ გამოფენა სიყვარულის თემაზე, სწორედ ეს გვაკლია ყველასო. დავპირდი ჩასვლას, რადგან მჯერა, რომ სიყვარულით დავამარცხებთ ბოროტებას.

– კიდევ სად გქონდათ პერსონალური გამოფენები?

– საფრანგეთის გარდა, პერსონალური გამოფენები ჰქონდა საქართველოში – თბილისში, თელავში, სიღნაღში; რუსეთში – სანკტ-პეტერბურგში; ესტონეთში – კუნძულ საარემაზე. 2006 წელს, თურქეთის დედაქალაქში საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტის მიწვევით გამართული ჩემი პერსონალური გამოფენა, თურქეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა გახსნა.

P.S. ლევან მოსიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებსა და გალერეებში ინახება. მისი სამუშევრები გამოფენილია ვაშინგტონში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში; მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორატში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინისა და ვაზის მუზეუმში, საქართველოს და საფრანგეთის არაერთი ქალაქის მერიასა თუ სხვა ოფიციალურ დაწესებულებაში. მონაწილეობს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ აუქციონებში. თავისი ნამუშევრებით და ჰონორარებით ეხმარება მომავალი თაობების აღზრდას. 2017 წლიდან არჩეულია ხელოვნების საერთაშორისო პროექტ კონკურსის “დამიხატე მშვიდობის” რეგიონალური ჟიურის ხელმძღვანელად.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

 

მსგავსი თემები